ლაშა ხუციშვილი - საბაჟო სფეროში ძირითადი თამაშის წესები კანონით დადგინდება
ლაშა ხუციშვილი - საბაჟო სფეროში ძირითადი თამაშის წესები კანონით დადგინდება

ახალი საბაჟო კოდექსის შემოღებით ნარჩუნდება ყველა მიღწევა, რაც საბაჟო ადმინისტრირებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა ფოთში, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე აღნიშნა, საქართველოში საბაჟო პოლიტიკა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც გამორჩეულია მსოფლიოში და ერთადერთია რეგიონში.

მისივე თქმით, ეს პრინციპებია თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, მარტივი და სამართლიანი პროცედურები, რომელიც სრულად შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის ყველა საბაჟო სერვისის მიწოდებას ელექტრონული ფორმით.

„ამ მიმართულებით ახალ საბაჟო კოდექსს თვისობრივად ახალ საფეხურზე აყავს ბიზნესისა და საბაჟო ორგანოს ურთიერთობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, არსებითად მცირდება საბაჟო ორგანოს, როგორც მაკონტროლებელი ფუნქცია, უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსა და საბაჟოს შორის პარტნიორული ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე საბაჟო პოლიტიკის კონცეფციის ჩამოყალიბებისთვის. საბაჟო კოდექსი შემუშავდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე ევროკავშირის ექსპერტები. დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, საბაჟო კოდექსი დღემდე ცალკე კანონის სახით არ იყო ჩამოყალიბებული, გაწერილი იყო კანონქვემდებარე აქტებში, ახლა კი საბაჟო სფეროში ძირითადი თამაშის წესები კანონით დადგინდება.

„გარდა ამისა, ცვლილებები უფრო მეტად უზრუნველყოფს სტაბილურობის განცდას ბიზნესსექტორში. კანონმდებლობის მასშტაბიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩაითვალა, რომ წარმოგვედგინა ახალი კანონის სახით, რაც გამიჯნავდა საგადასახადო და საბაჟო დებულებების ადმინისტრირებას, უფრო მოქნილს გახდიდა მას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი საბაჟო კოდექსის შემოღებით ჩვენ შევუნარჩუნეთ ყველა ის მიღწევა, რაც საბაჟო ადმინისტრირებას უკავშირდებოდა. ეს არის გადასახადის გადამხდელის ბარათი, სივრცეში და საზღვარზე არსებული ზედმეტობების ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად, გასაჩივრების საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა. ეს არის ის უნიკალური სერვისები, რომელიც ჩვენ საბაჟო ადმინსიტრაცია გამოარჩევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სერვისის შენარჩუნება მოხდა, რაც გვეხმარება საბაჟო ადმინისტრირებაში”, – განაცხადა ხუციშვილმა.