ლაშა ხუციშვილი - რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით
ლაშა ხუციშვილი - რეფორმებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვა მუდმივად მიმდინარეობს როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო მიმართულებით

„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განხორციელებულია ცვლილებები საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ“ შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე.

მისი თქმით, ამჟამად შეთანხმება ძალაშია 58 ქვეყანასთან. 2023 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება პოლონეთსა და ყირგიზეთთან. გაიმართა მოლაპარაკებები მონტენეგროსა და მალაიზიასთან შეთანხმების დადების მიზნით.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადასახადის გადამხდელთა მიერ მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დეკლარაციების წარმოდგენისთანავე ფასდება საგადასახადო რისკის დონე, ხორციელდება გადამხდელთან კომუნიკაცია და ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანების მართვის პროცესის მოდერნიზაციის ფარგლებში 2023 წლიდან რეალურ რეჟიმში ამოქმედდა საგადასახადო დავალიანების მართვის ახალი სისტემა, რეფორმა გულისხმობს გადახდევინებისაგან თავის არიდების პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვა. იგი საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ელექტრონული სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შეუფერხებლად, ყოველგვარი შუალედური დამატებითი ფორმალობების გარეშე განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ ქვეყნებშიც.

აქვე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოქმედდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამა (AEO), რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის საბაჟო რეგულაციებზე დაყრდნობით და წარმოადგენს ე.წ. „ქოროს სიის“ ევროპულ ანალოგს.

მისივე თქმით, გაგრძელდა საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია, საბაჟო ფორმალობების გაციფრულება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ელექტრონული საბაჟო სერვისების წახალისებისა და დისტანციური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ფუნქციონირება დაიწყო „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ, „eGez“-მა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებითვე, მიმდინარეობს მუშაობა ქონების გადასახადის რეფორმაზე, რომლის მიზანია ქონების გადასახადის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ინვესტიციების სტიმულირებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.