ლაშა ხუციშვილი - ქვეყნის განახლების გეგმაში დონორების თანხის ნაწილი იქნება 150 მილიონზე მეტი, ხოლო 300-350 მილიონამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა
ლაშა ხუციშვილი - ქვეყნის განახლების გეგმაში დონორების თანხის ნაწილი იქნება 150 მილიონზე მეტი, ხოლო 300-350 მილიონამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა

დონორების თანხის ნაწილი იქნება 150 მილიონზე მეტი, ხოლო 300-დან 350 მილიონამდე არის ის თანხა, რომელიც იქნება გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე არის ის რესურსები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, სიპების ანგარიშზე იყო და ამის მიმართვა მოხდება აღნიშნულ პროექტზე.

„გარდა ამისა, არის პრივატიზაციის მიმართულებები, რომელიც იქნება დამატებით ხელის შემწყობი აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის. 350 მილიონს პლიუს 150 მილიონი, ეს არის პირველი ეტაპი ამ პროექტის, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ 500 მილიონის დახარჯვა წელს ვერ მოხდება. დაახლოებით 300-დან 350 მილიონამდე იქნება თანხა, რისი ათვისებაც მოხდება მიმდინარე წელს. შესაბამისად ამ მიმართულებით თანხების მოძიების არანაირი პრობლემა არ არსებობს. პირიქით, საუბარია იმაზე, რომ ეს თანხა ჯამურად, მათ შორის დონორების ნაწილი, რომელიც 180-200 მილიონის ფარგლებში იქნება. საუბარი არის დონორების ნაწილში დამატებითი ვალის აღებაზე, ხოლო მეორე მხრივ, საბიუჯეტო ნაწილში, არანაირად საუბარი არ არის საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე“, – განაცხადა ხუციშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.