ლაშა ხუციშვილი - პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ
ლაშა ხუციშვილი - პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ცალმხრივად არის მიღებული.

მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ.

„ჩაკეტვასთან დაკავშირებით როგორც იყო ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, გახსნასთან დაკავშირებითაც ცალმხრივად არის მიღებული გადაწყვეტილება. უშუალოდ კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით შეშფოთებას რაც შეეხება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე ვერ განახორციელებენ შესაბამის ოპერაციებს და ვერ იფუნქციონირებენ. შესაბამისად, ეს არის სანქციების აღსრულების ჩარჩო და ნაწილი, რომელსაც საქართველო ახორციელებდა აქამდე, ახორციელებს დღესაც და განახორციელებს მომავალშიც. შესაბამისად, ამ ნაწილში ვერ ვხედავ, გარკვეული შეშფოთების საფუძველი არსებობდეს.

მათ შორის აშშ-ს და სხვა პარტნიორებთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტალური ინფორმაცია აქვთ, როგორ ახორციელებს საქართველო საერთაშორისო სანქციების შესრულებას. არანაირი კითხვა არ არსებობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. არანაირი შეკითხვა არ არსებობს არცერთი მიმართულებით, არც სავაჭრო და არც ფინანსური მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.