ლაშა ხუციშვილი OECD-ის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას​
ლაშა ხუციშვილი OECD-ის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას​

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიმდინარე წლის 9-11 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა უმაღლესი დონის პანელურ დისკუსიაში თემაზე – „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმდინარე და ახალი გამოწვევების დაძლევა“.

ლაშა ხუციშვილი ისაუბრებს საგადასახადო სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის როლზე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, გლობალურ ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის წარმატებულ დინამიკასა და გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის განვითარების მიზნით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერს „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას (CRS). შეთანხმება შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და დიდი ოცეულის (G20) წევრი სახელმწიფოების მიერ 2014 წელს და მას დღეისათვის 117 სახელმწიფო აწერს ხელს.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, ფორუმს დაესწრებიან მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინე ხურციძე.