ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ბევრ ადამიანს შეეძლება, მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში
ლაშა ხუციშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ ბევრ ადამიანს შეეძლება, მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, ვის შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება და კონკრეტულად რა რაოდენობის გადასახადის ჩამოწერა იგეგმება.

ხუციშვილის თქმით, საქართველოში სულ 145 000 პირია, ვისაც ამგვარი დავალიანება აქვს და ჯამური საგადასახადო დავალიანება 590 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

„საუბარია 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოდგენილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმებიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები. ჩამოეწერებათ საგადასახადო დავალიანება, რომელიც მათ დაერიცხათ, დეკლარირებული იყო, აღიარებულია 2021 წლის პირველ იანვრამდე. საქართველოში, ჯამში, ასეთი 145 000 პირია. მათი ჯამური საგადასახადო დავალიანება, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად თანხას, ასევე დარიცხულ ჯარიმა-საურავებს, 590 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ეს იქნება ის თანხა, რომელიც აღიარებული დავალიანების ფარგლებში ჩამოიწერება. ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანოს გატარებული ჰქონდა შესაბამისი აღსრულების იძულებითი ღონისძიებები, დავალიანების გამო ადამიანთა დიდ ნაწილს, ფიზიკურ პირებს შეზღუდული ჰქონდათ ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამ პროექტს დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და ჩამოწერა განხორციელდება, ექნებათ სრული შესაძლებლობა, ეკონომიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო და აღნიშნული ზრდის ტემპი მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება.

„2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო. 2023 წელსაც დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტის ოდენობით. გასული ორი თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურო ზრდა შეადგენს 7.7 პროცენტს, რაც ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. 9 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უშუალოდ თებერვლის თვეში, რაც ძალიან სასიხარულოა. მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს შეეძლოს მაქსიმალურად მონაწილეობის მიღება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შესაბამისად, ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. ბევრ ადამიანს, ერთი მხრივ, დავალიანება ჩამოეწერება, მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილებების შემდეგ შეეძლება მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ ცხოვრებაში.

საგადასახადო ხანდაზმულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც იქნა შერჩეული 2021 წლის პერიოდი. როდესაც ვსაუბრობთ საგადასახადო ამნისტიაზე, ბუნებრივია, გარკვეულწილად ამნისტია არის საყოველთაო მოვლენა და არ ხდება არც დიფერენცირება, შერჩევა გადასახადების გადამხდელების. საგადასახადო ამნისტია ხორციელდება საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებს გარეთ და ამ მიმართულებით საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა, საგადასახადო ხანდაზმულობის ფარგლებში გაეტარებინა ყველა ღონისძიება, რისი გატარებაც შესაძლებელი იყო, რათა ამოეღო აღნიშნული გადასახადი, განეხორციელებინა აღნიშნული გადასახადის მობილიზება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მინიმუმამდე არის დაყვანილი ის მომენტი, რომ ამით შეიძლება, დაიჩაგროს კეთილსინდისიერი გადამხდელი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით.