ლაშა ხუციშვილი - ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინები დამოკიდებულია ფულად გადმორიცხვებზე, ექსპორტზე, ტურიზმსა და პანდემიის მართვაზე
ლაშა ხუციშვილი - ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინები დამოკიდებულია ფულად გადმორიცხვებზე, ექსპორტზე, ტურიზმსა და პანდემიის მართვაზე

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინები დამოკიდებულია ფულად გადმორიცხვებზე, ექსპორტზე, ტურიზმსა და პანდემიის მართვაზე.

მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორი იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ამ პერიოდში ლარის კურსის მკვეთრი მერყეობა არ იქნება.

„კურსთან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორია, რომელზეც დამოკიდებულია, რა მოლოდინები უნდა იყოს. პირველ რიგში, ეს არის ფუნდამენტური და მაკროეკონომიკური ფაქტორები – ფულადი გადმორიცხვები, რომელიც საკმაოდ გაზრდილია, ექსპორტი, რომელიც გასულ თვეს საკმაოდ გაიზარდა, ტურიზმის მიმართულება, რომელიც გარკვეულწილად პანდემიის მართვაზეა დამოკიდებული. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის პროცესია. ვაქცინაცია საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გარკვეული სირთულეებით დაიწყო, თუმცა არის მოლოდინი, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება, რაც დღეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ეკონომიკის გახსნის და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენის. ყველა ეს ფაქტორი ჯამში გვაძლევს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ლარის მკვეთრი მერყეობა ამ პერიოდში არ უნდა გვქონდეს.

როდესაც საუბარია ინტერვენციაზე, აქ მნიშვნელოვანია, რომ სებ-ს წინასწარ აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება და აქვს გათვლები, რა ოდენობით შეიძლება იყოს საჭირო ასეთი ტიპის ინტერვენცია. შესაბამისად, ეს არ ხდება იმისთვის, რომ კონკრეტულ პერიოდში ლარის კურსის კორექტირება განხორციელდეს. ეს არის იმის ნაწილი, რაც გულისხმობს ინფლაციის ტარგეტირებას და ასევე მკვეთრი რყევებიდან თავის არიდებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.