ლაშა ხუციშვილი - კოვიდლატარია დღეიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ხვალიდან ყოველდღიურად გამოქვეყნდება იმ პირების ვინაობა, ვინც იქნება გამარჯვებული
ლაშა ხუციშვილი - კოვიდლატარია დღეიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე ხვალიდან ყოველდღიურად გამოქვეყნდება იმ პირების ვინაობა, ვინც იქნება გამარჯვებული

დღეიდან უკვე ამოქმედდა ლატარია, რომელიც კოვიდაცრებთან არის დაკავშირებული და რომლის მიზანიცაა აცრების სტიმულირება. ლატარია უკვე დღეიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ხვალიდან ყოველდღიურად გამოქვეყნდება იმ პირების ვინაობა, ვინც იქნება გამარჯვებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ლატარია ყოველდღიურად გათამაშდება.

„ეს იქნება ყოველდღიური ლატარია წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე. გარდა ამისა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებები, სადაც შედარებით მაღალი თანხები გათამაშდება. ასევე, წლის ბოლოს იქნება შემაჯამებელი გათამაშება, რომელზეც გათამაშდება 100 000 ლარი. რაც შეეხება უშუალოდ გათამაშების პროცესს, ლატარიის კომპანია, რომელიც არის ექსკლუზიურად ლატარიის მომწყობი ორგანიზაცია საქართველოში, მის ვებგვერდზე მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება. გარდა ამისა, შესაძლებლობა ექნება თითოეულ პირს, გადაამოწმოს თავისი მონაცემები, არის თუ არა გამარჯვებული კონკრეტულ გათამაშებასთან მიმართებაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით, დღეიდან ლატარია დაიწყო, რომლის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია. ლატარია წლის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული გათამაშებაც, ხოლო წლის ბოლოს 100 000 ლარი გათამაშდება.

ლატარიისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, რომელიც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.

მოგებების შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდიდან www.stopcov.lotto.ge, ასევე, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეალიზაციო წერტილებს.

ლატარიის შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი