ლაშა ხუციშვილი - ინფლაცია მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ერთ-ერთი თანმდევი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტია
ლაშა ხუციშვილი - ინფლაცია მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ერთ-ერთი თანმდევი უარყოფითი ეკონომიკური ეფექტია

ინფლაცია შემცირებას დაიწყებს უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს იმ მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ინფლაციის ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ასევე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული და როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ეს ასევე აისახება საქართველოზეც. ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ ის ღონისძიებები, რომელის გადადგმაც ხდება ფისკალურ ნაწილში,  როგორიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირება, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით გატარებული ნაბიჯები, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს პროცესები არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.