ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.

ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, მადლობა გადაუხადა  ფონდის მიერ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. პოზიტიურად შეფასდა ფონდის ოთხწლიანი პროგრამის შედეგები, განსაკუთრებით, „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლახან, სსფ-ის მისიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.