ლაშა ხუციშვილი - ევროკავშირის ქვეყნებშიც კი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი და მეტი შეზღუდვა არსებობს, ეს სექტორი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია რეგულირებული
ლაშა ხუციშვილი - ევროკავშირის ქვეყნებშიც კი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი და მეტი შეზღუდვა არსებობს, ეს სექტორი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია რეგულირებული

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რეგულირებულია.

მისივე თქმით, არიან ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც, სადაც ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მეტი შეზღუდვა არსებობს.

„დავიწყებ რეგულაციის სიმკაცრით. ამ ნაწილში ასევე იყო გამოთქმული გარკვეული შენიშვნები საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ არც საგადასახადო ტვირთი და არც რეგულაციების სიმკაცრე არ არის იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მკაცრად არის რეგულირებული ეს სექტორი. არიან ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც კი, სადაც ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს სათამაშო ბიზნესის.

ზოგადად, ეს ბიზნესი და სექტორი არის რეგულირებული პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ალბათ სიურპირიზი არავისთვის არ არის ის, რომ ეს ბიზნესი რეგულირებულია და არც უნდა იყოს ამ ბიზნეს საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე.

ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, პარლამენტში როგორც მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა. გარკვეული კორექტირებები შევიდა მეორე მოსმენის პერიოდში, გარკვეული კომპრომისები იქნა გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან ვადებთან მიმართებაში. განისაზღვრა ერთიანი ვადა, როგორც სარეკლამო სექტორისთვის, რეკლამის განთავსების სექტორისთვის, ასევე საბანკო რეგულაციებისა და სხვა რეგულაციების ამოქმედებისთვის, გარკვეულწილად იყო სხვადასხვა ვადა, მაგრამ ეს ვადები დაახლოვდა და განისაზღვრა პირველი მარტი, რაც ვფიქრობ, ოპტიმალური პერიოდია, რათა ყველა ეს რეგულაცია ეფექტურად ამოქმედდეს.

რა თქმა უნდა, ამოქმედების შემდგომ პროცესში გარკვეული კორექტირებები შესაძლებელია, განიცადოს იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი გარემოებები, რომელიც საჭიროებდეს მეტი რეაგირების მოხდენას, ამ მიმართულებით არსებობდეს გარკვეული ხვრელები, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს რეაგირებას. ეს უკვე სამუშაო, მიმდინარე პროცესია, რასაც, ბუნებრივია, მონიტორინგს გაუწევს ფინანსთა სამინისტრო“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.