ლაშა ხუციშვილი – დარწმუნებული ვარ, იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რასაც ვატარებთ, ევროობლიგაციაზე ინვესტორების მხრიდან დიდი მოთხოვნა იქნება
დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რასაც ვატარებთ, ევროობლიგაციაზე ინვესტორების მხრიდან დიდი მოთხოვნა იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში აღნიშნულ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება და, ინვესტორების მხრიდან არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ ეს პროცესი იქნება წარმატებული.
„ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გამოხმაურება და მოთხოვნა, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან აქვს საქართველოს ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, ათობით შეხვედრა, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებთან იმართება. ის მოლოდინები, რომლებიც არსებობს საქართველოს ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, უპირველესად უკავშირდება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკის ნაწილში არსებითად შემცირებული განაკვეთით მოხდეს ფასიანი ქაღალდების გამოშვება. განაკვეთი ვერ იქნება იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო, თუმცა რისკის განაკვეთი, რაც ემატება საბაზისო ღირებულებას, იქნება გაცილებით უფრო შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. ასევე ვიტყვი, რომ მოლოდინი იმისა, რომ მოთხოვნა იქნება 2-3-ჯერ მაღალი, ვიდრე ჩვენ გამოვუშვებთ, ეს ინვესტორების მხრიდან აქტიურობით ნამდვილად ჩანს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.