ლაშა ხუციშვილი - დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამუშაო ადგილი შეინარჩუნეს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით საგადასახადო შეღავათს მიიღებენ
ლაშა ხუციშვილი - დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამუშაო ადგილი შეინარჩუნეს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით საგადასახადო შეღავათს მიიღებენ

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს, მათ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებს ეხება.

მან განმარტა, რომ გეგმის აღნიშნული ნაწილი შეეხება მოქალაქეების სამ კატეგორიას – დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი; დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და თვითდასაქმებულები.

„დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეული დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი განმარტებით, საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი მარტივია, დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის თვეების პერიოდში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს ახალი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით, რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული შეღავათი ხორციელდება საგადასახდო კოდექსში ცვლილებების გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით ადმინისტრაციული ღონისძიება განსახორციელებელი არ იქნება.

ასევე დაქირავებით მომუშავე პირი პარალელურად ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადში აქამდე არსებული ყველა სხვა შეღავათითაც.

ფინანსთა სამინისტროში ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია მიმდინარეობს.