ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და მომდევნო წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და მომდევნო წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი.

ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.

„ბუნებრივია, ინფლაციასთან მიმართებით უნდა შევხედოთ, რა ტენდენციები გვაქვს საქართველოში და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველო ამ ნაწილში ვერ იქნება გამონაკლისი და რაღაც კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყოს ნომერ პირველი პრობლემა ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში, რომ ინფლაცია არის ისტორიულ მაქსიმუმზე. 30-40-50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს ინფლაცია.

შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი აქ არსებობს, ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი და ზოგადად, ნავთობ-პროდუქტები, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ფასები გაზრდილია ნავთობზე, ნავთობ-პროდუქტზე და ეს არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებთან მიმართებით. მეორე ჯგუფი, რომელზეც მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი ინფლაცია, ეს არის სურსათის პროდუქტი, რომელთან მიმართებით ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში. ბუნებრივია, ამას გარკვეულწილად აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაციის გადმოდინება მოხდება იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას და მომდევნო წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

„ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები არ შეიქმნას და ამ მიმართულებით ნამდვილად აქვს გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს შემცირებას და როგორც პროგნოზირებული იყო, მომდევნო წლის მეორე ნახევარში ის დაუახლოვდება მის ტარგეტს – მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც განსაზღვრული იყო ეროვნული ბანკის მხრიდან. თუმცა მეორე მხრივ, ის გამოწვევები, რაც რეგიონში, მსოფლიოში არსებობს, არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ მეორე ნახევარში ამ ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად მიზნობრივ მაჩვენებლამდე იქნება. ეს დაშვება არის იმ პირობებში, თუ დღეს არსებული რეალობა შენარჩუნდება. რაღაც კიდევ თუ შეიცვლება გეოპოლიტიკური მიმართულებით, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ბუნებრივია, გარკვეულ ასახვას ჰპოვებს ინფლაციის მაჩვენებელზე, თუმცა მეორე მხრივ, ეროვნულ ბანკს აქვს სრულად ინსტრუმენტები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციის მოთოკვა იმგვარად, რომ ეს არ გადაიზარდოს გრძელვადიან მოლოდინებში და ინფლაციის მაჩვენებელი თანდათანობით დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.