ლაშა ხუციშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგში 10 ინდიკატორიდან ხუთში გაუმჯობესება გვაქვს
ლაშა ხუციშვილი - ბიზნესის კეთების რეიტინგში 10 ინდიკატორიდან ხუთში გაუმჯობესება გვაქვს

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველოს შეფასება გაუმჯობესებულია 10 ინდიკატორიდან ხუთ ინდიკატორში, დანარჩენ ხუთში კი უცვლელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.

„საბოლოო ჯამში, საქართველოს ქულა გაზრდილია იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ მე-6 პოზიციიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. ამ მიმართულებით მე ორ ნაწილს გამოვყოფდი. ეს არის მშენებლობის ნებართვები, სადაც ქვეყანა ექვსი პოზიციით დაწინაურდა და ასევე გადასახადის გადახდის ინდიკატორი, საგადასახადო ადმინისტრირების შეფასების ინდიკატორი, სადაც ორი ადგილით დაწინაურდა ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით უფრო მეტად გამარტივდა ბიზნესის კეთება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიზნესის კეთების სიმარტივის 2020 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა.