ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები მიმოიხილეს.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
„ამჟამად ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ს ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონულ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.