ლაშა ხუციშვილი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემას მხოლოდ რეგულაციები ვერ მოაგვარებს
ლაშა ხუციშვილი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემას მხოლოდ რეგულაციები ვერ მოაგვარებს

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ რეგულაციები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. 

მისი თქმით, ინტერნეტის ეპოქაში აღნიშნული პრობლემის ბოლომდე მოგვარება რთული იქნება.

„ინტერნეტიზაციის პირობებში საკმაოდ რთული იქნება ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რათა მათი შვილები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები არ გახდნენ, თუმცა ის რეგულაციები, რომლებზეც მთავრობა მუშაობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი უკვე შესულია, რომელიც აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტით, აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება.