ლაშა ხუციშვილი - არ გვინახავს არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან ფაქტი, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს
ლაშა ხუციშვილი - არ გვინახავს არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან ფაქტი, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს

ჩვენ არაფერი გვინახავს გასული ერთი წლის განმავლობაში, ყალბი ინფორმაციების და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც შეიძლებოდა, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ალბათ გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თქვენ ნახავდით ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში შესული უწყებების ათობით განცხადებას იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით იქნა გაჟღერებული. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქნა გაჟღერებული. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი არ გვინახავს ამ პერიოდში, ყალბი ინფორმაციების და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ჩვენ მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის, ელჩების დონეზე განცხადებები, რომ არცერთი ფაქტი იმისა, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინც არის იმისა, რომ ვინმემ შეძლო სანქციების გვერდის ავლა, არ მომხდარა.

პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ასევე ვნახოთ 70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელება მოგვიწია და სამწუხაროა ის, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არცერთხელ არ ხდება შესაბამის უწყებასთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ სანქციების აღსრულებაზე სავაჭრო ნაწილში, ინფორმაციის გადამოწმება ან ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და შემდგომ ხდება ამაზე განმარტებების გაკეთება. ამ მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ის ქმედებები, რომელიც საქართველომ განახორციელა, არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას.

„ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელია, არსებობდეს უფრო მეტი ყურადღება იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და სახმელეთო საზღვარი საქართველოს გავლით აკავშირებს რუსეთს ორ ქვეყანასთან. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ბუნებრივია, რომ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ის პროცედურები და ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. თუმცა ის ქმედებები, რომელიც საქართველომ განახორციელა, შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელეს ამ მიმართულებით, არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას. გასაგებია თეორიული მსჯელობები ამა თუ იმ თემაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ის მექანიზმები და ის პრაქტიკული აღსრულება, რაც ფიზიკურად ხორციელდება.

უწყება არის საკმაოდ გახსნილი ამ მიმართულებით. ყველა დაინტერესებულ პირს ნებისმიერ ოპერაციაზე, ნებისმიერ ტრანზაქციაზე შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, ბუნებრივია, შესაბამისი კონფიდენციალური პირობების დაცვით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მესმის, რომ სანქციებს აქვს თავის პირობები და ძალიან ბევრი ადამიანისთვის შესაძლებელია, არ იყოს ცნობილი, ამა თუ იმ სანქციის აღსრულებას რა სპეციფიკა აქვს. სწორედ ამიტომ არაერთი მოწოდება იქნა პირადად ჩემ მიერ გავრცელებული, რომ ვიდრე ინფორმაციას გაავრცელებს ვინმე, გადაამოწმოს ეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.