ლაშა ხუციშვილი - აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ გადავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდში
ლაშა ხუციშვილი - აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ გადავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა პოსტპანდემიურ პერიოდში გადადის.

როგორც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 6.5 პროცენტამდე გაიზარდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ისევ პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, სრულად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავდივართ პოსტპანდემიურ პერიოდში. აპრილის ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის აპრილის დონეს და ეს ზრდა არის დაახლოებით 21 პროცენტი.

გაუმჯობესებული ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით, მაისში მთავრობამ გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და 4.3 პროცენტიდან გაზარდა 6.5 პროცენტამდე. თუმცა საკმაოდ მაღალი ალბათობით, შესაძლებელია ოპტიმისტური სცენარის განვითარებაც. ოპტიმისტურ სცენარში ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ორნიშნა და შეადგენს 10.2 პროცენტს.

პანდემიამ მნიშვნელოვნად მოახდინა ცვლილება საბიუჯეტო დეფიციტზე, მთავრობის ვალზე – 9.3 პროცენტამდე გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ, 60 პროცენტიან ზღვარს. ბუნებრივია, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ჩვენს პროგრამაში წარმოდგენილი განახლებული პროგნოზებით, ფისკალურ დეფიციტს ვამცირებთ უკვე მიმდინარე წელს 7.6 პროცენდიდან 7.1 პროცენტის დონეზე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე მიმდინარე წელს 60-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება და 57 პროცენტი იქნება საბაზისო სცენარში, ხოლო 2025 წელს ველოდებით მშპ-სთან 53 პროცენტამდე ჩამოსვლას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.