ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მარტი-აპრილიდან დაიწყებს შემცირებას
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მარტი-აპრილიდან დაიწყებს შემცირებას.
როგორც ლაშა ხუციშვილი ამბობს, პროგნოზი ჰქონდათ, რომ ინფლაცია სამპროცენტიან ნიშნულზე უნდა დასულიყო, თუმცა ამაზე გავლენა იქონია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა. შესაბამისად, ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად დაიწყებს შემცირებას მარტი-აპრილიდან, თუმცა ის ვეღარ დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს – სამპროცენტიან ნიშნულს.
„ბუნებრივია, ინფლაცია დარდება წინა პერიოდს, რათა ზუსტად გავიგოთ, ფასების ზრდის რა მასშტაბია, დასადგენად სხვა მექანიზმი არ არსებობს. ინფლაცია რამდენად მაღალია ან დაბალი, ბუნებრივია, უნდა შედარდეს წინა პერიოდს. საქართველოში ინფლაცია იყო გაცილებით მაღალი წინა წლებში, ვიდრე 13,7%, როგორც ეს თებერვლის თვეში არის გამოქვეყნებული. ჩვენ ინფლაციასთან მიმართებით, ბუნებრივია, გვქონდა პროგნოზი, გვქონდა გათვლები, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ ინფლაცია უნდა დაბრუნებულიყო ძალიან ახლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან, რომელიც არის სამი პროცენტი, თუმცა ინფლაციის პროგნოზმა განიცადა შესაბამისი კორექტირება იქიდან გამომდინარე, რომ რუსთის შეჭრის შედეგად უკრაინაში დაიწყო ომი.
შესაბამისად, მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლის მომწოდებლებიც ეს ქვეყნები იყვნენ და არა მარტო, დაიწყო ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ 70-75-დან 120 დოლარზე გაიზარდა ნავთობის ფასი ბარელზე, რაც არის მნიშვნელოვანი ზრდა და უშუალოდ უკავშირდება საომარ მოქმედებებს უკრაინაში. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი ასახვას ჰპოვებს ინფლაციის დონეზე საქართველოში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ შარშანდელი ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო ქვეყანაში. შესაბამისად, ბაზა არის მაღალი. ინფლაცია ნამდვილად დაიწყებს შემცირებას უკვე მარტი-აპრილის თვიდან, მაგრამ ის ვეღარ დაუახლოვდება იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რა მიზნობრივ მაჩვენებელზეც გვქონდა ჩვენ პროგნოზი გაკეთებული. ანუ სამპროცენტიან ნიშნულზე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად დაიწყებს შემცირებას მარტი-აპრილის თვიდან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.