ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი
ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.

როგორც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა, სოციალური პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„გამოყოფილი თანხის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით; შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;  ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია ორ მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.