ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა
ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა

2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე სამ მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს აღემატება.

„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა; თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 490,0 მლნ ლარი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს გათვალისწინებულია 240 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 45 მილიონ ლარზე მეტი; სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 680 მლნ ლარზე მეტი; გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 245 მილიონ ლარზე მეტი; კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება  მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ხელფასების 125-ლარიანი ზრდა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.