ლაშა ხუციშვილი - 2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება.
მისივე განმარტებით, გამოყოფილი თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
„სკოლამდელი და ზოგადი განათლება – მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ასევე გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა.
თანხები ასე ნაწილდება: პროფესიული განათლება – 149 მილიონი ლარი; უმაღლესი განათლება – 171 მილიონ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 86 მილიონ ლარზე მეტი; ინკლუზიური განათლება – 82 მილიონ ლარზე მეტი; ინფრასტრუქტურის განვითარება – 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141 მილიონი ლარი და, ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 66 მილიონი ლარი; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 30,0 მილიონი ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.