ლაშა ხუციშვილი - 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება
ლაშა ხუციშვილი - 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო  გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446,0 მლნ ლარით; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს, რაც აუცილებელია ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პროექტი ხვალ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, სადაც განხორციელდება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა.