ლაშა ხუციშვილი - 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია ცხრა მილიარდ ლარზე მეტით
ლაშა ხუციშვილი - 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია ცხრა მილიარდ ლარზე მეტით

საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა 2021-2025 წლებში მიღწეულ შედეგებზე და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ დაფინანსებაზე.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები გაზრდილია სამ მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტით, ანუ, ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 38 პროცენტი სწორედ ამ მიმართულებით გამოიყო. 2025 წლისთვის ხარჯის მაჩვენებელი რვა მილიარდ 500 მილიონ ლარს აჭარბებს.

გაზრდილი დაფინანსების პირობებში შესაძლებელი გახდა პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ზრდა, კერძოდ: 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ – 110 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი შეადგინა; 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ – 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი შეადგინა; დაფინანსდა 85 ათასზე მეტით გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა; 40 პროცენტზე მეტად გაიზარდა ყოფილი ჯარისკაცებისა და პოლიციელების კომპენსაციები, ხოლო კომპენსაციის ზედა ზღვარი 560 ლარიდან გაიზარდა 1035 ლარამდე; პენსიების ზრდის შესაბამისად, გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები; დახმარების მიმღებ 16 წლამდე ბავშვთა სოციალური სარეიტინგო ქულა 100 ათასიდან გაიზარდა 120 ათასამდე, ხოლო უშუალოდ ბავშვის ყოველთვიური დახმარების მოცულობა გაოთხმაგდა და თვეში 200 ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 600 მილიონ ლარზე მეტით.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 1.8 მილიარდ ლარამდე (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20 პროცენტი) და ჯამში, 2024 წლისთვის 4.2 მილიარდ ლარს აღწევს. გაზრდილი დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა, რომელმაც ბოლო ოთხწლიან პერიოდში 60 პროცენტს მიაღწია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო ოთხწლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 46 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) გაზრდილ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ დაფინანსება გაზრდილია ორ მილიარდ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 22 პროცენტი) და 2025 წელს ამ სფეროს დაფინანსება ოთხ მილიარდ ლარს აჭარბებს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის – 400-500 ლარით ზრდა.

მისი განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. 2025 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა რვა მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 66 პროცენტზე მეტით (3,2 მილიარდ ლარზე მეტით).