ლაშა ხუციშვილი - 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით
ლაშა ხუციშვილი - 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით

2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა  საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი აქვს, რითაც საქართველო ლიდერია არამხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინკლუზიურობა.

„ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე, ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს. წელს, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,1 პროცენტით მაღალია 2019 წელთან შედარებით. ტურიზმის მაღალი წილი ჩვენს ეკონომიკაში იყო იმის მიზეზი, რომ პანდემიის გავლენა ერთ-ერთი მაღალი გვქონდა რეგიონში. გასულ წელს, მარტის შემდგომ, თითქმის განულდა ტურისტული ვიზიტები, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო სექტორისთვის. მიმდინარე წელს, გაზაფხულიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ხდება ტურიზმის აღდგენა და ივლისის თვიდან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის 50 პროცენტს აჭარბებს. წლის დასაწყისის დაბალი ტემპის გათვალისწინებით, 2021 წელს ტურიზმიდან ეკონომიკაში მიღებული შემოსავლები 2019 წლის მესამედს მიაღწევს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაინც გაუმჯობესდა და წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 8.4 პროცენტი იქნება.

ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მისი თქმით, 2020-2021 წლებში ქვეყანამ დაკარგა ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტის ოდენობით. დიდი მოცულობის შემოსავლები დაიკარგა, ასევე, ტურიზმიდან, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჯამში, 10,3 პროცენტით გაუარესდა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის გავლენის შესამცირებლად საჭირო გახდა ფისკალური დეფიციტის გაზრდა, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო პარტნიორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით.

„ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე. დღეს, როდესაც ეკონომიკამ უკვე აღდგენა დაიწყო, ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა, განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს, რისთვისაც აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში, ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევამციროთ ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შევზღუდოთ კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და მეორე – უნდა განხორციელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.