ლაშა ხუციშვილი - 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა
2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
როგორც მან აღნიშნა, ოთხწლიანი ჯამური მაჩვენებლით, 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა – 45 პროცენტს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85 პროცენტს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა. ე.წ. პოტენციურ ზრდასთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებში, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, განვლილ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდწილად ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ: ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს არსებული 12,3 მილიარდი ლარიდან 21 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, კერძო ინვესტიციების ზრდამ 65 პროცენტს გადააჭარბა და 13,3 მილიარდი ლარი შეადგინა; ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 140 პროცენტზე მეტად, მათ შორის, მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა. პანდემიის ეფექტის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 65 პროცენტს გადააჭარბა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა, უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და, შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ: მშპ-ის 9,2 პროცენტამდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ სამპროცენტიან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5 პროცენტის დონეზეა. ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდა ორი მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით; მთავრობის ვალის მოცულობა 60 პროცენტიდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40-პროცენტიან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების კლებადი დინამიკა.
2024 წლის ბოლოსთვის მისმა თანაფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან 36,1 პროცენტი შეადგინა, რაც უსაფრთხო მაჩვენებელია.