ლაშა იორდანიშვილი - სიცრუეა, თითქოს ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე დაშრება
ლაშა იორდანიშვილი - სიცრუეა, თითქოს ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარე დაშრება

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ფერის“ დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა

როგორც მან აღნიშნა,  ერთ-ერთი ასეთი სიცრუე მდინარე ალაზნის შესაძლო დაშრობას უკავშირდება.

„ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“ წარმოადგენს დერივაციული ტიპის ელექტროსადგურს. მას არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არ ხდება კერძო საკუთრების შეხება, არც ერთი კვადრატული მეტრის დატბორვა. სადგური წყალს მოიხმარს არსებული „ხადორი 2“ ჰიდროელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით ხეობისკენ. გასცდება 20-25 ოჯახს და ამის შემდეგ უბრუნდება ისევ ალაზნის კალაპოტს და 98-99 პროცენტი მოსახლეობას ვერც კი გრძნობს თუ რამე შეხება აქვს ჰესს მდინარესთან. აქ იყო საუბარი, რომ თურმე წყალი დაშრება, რაც წმინდა წყლის სიცრუეა. ჯერ ერთი, გვაქვს სანიტარული ნორმა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და წყალი უნდა დავტოვოთ მდინარის კალაპოტში. გარდა ამისა, ალაზანს ამ მონაკვეთში უერთდება სამი მდინარე. შესაბამისად, გამორიცხულია მდინარე მივიდეს დაშრობამდე“, –  განაცხადა იორდანიშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს.

დატოვე კომენტარი