ლაშა გურგენიძე - მოხალისეობის პირველივე დღეს იმხელა ემოცია მივიღე, მადლობა და იმდენი ბედნიერი მოხუცის სახე დავინახე, რომ ყოველდღე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა
ლაშა გურგენიძე - მოხალისეობის პირველივე დღეს იმხელა ემოცია მივიღე, მადლობა და იმდენი ბედნიერი მოხუცის სახე დავინახე, რომ ყოველდღე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა

მოხალისეობის პირველივე დღეს იმხელა ემოცია მივიღე, იმდენი მადლობა და იმდენი ბედნიერი მოხუცის სახე დავინახე, რომ ყოველდღე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, – ამის შესახებ მსახიობმა, ლაშა გურგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„როცა მერიის და „წითელი ჯვრის“ ინიციატივა გაჩნდა, მოხუცებისთვის პროდუქტები მიეტანათ და გამოცხადდა, რომ მოხალისეებს ეძებდნენ, პროცესში მაშინვე ჩავერთე. ყველაფერი რომ დაიკეტა, სახლში ვიყავი და ვიფიქრე, ენერგია ამ მიმართულებით მიმემართა. მე და გიორგი ფაცაციამ ერთად დავიწყეთ. დიდი სამარშრუტო ტაქსი იტვირთებოდა ხოლმე და დღეში მინიმუმ, ორმოც მისამართზე მივდიოდით. პირველივე დღეს იმხელა ემოცია მივიღე, იმდენი მადლობა და იმდენი ბედნიერი მოხუცის სახე დავინახე, რომ ყოველდღე ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. 09:00 საათიდან ვიწყებდით და საღამოს რვამდე, კომენდანტის საათამდე სახლში მისვლა რომ მიგვესწრო, ვარიგებდით, რაც უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებდა“, – განაცხადა გურგენიძემ.

მსახიობი ასევე იხსენებს, როგორ უვლიდა ერთ-ერთი ხანდაზმული ქალბატონი მასზე ხანდაზმულ მეგობარს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდებოდა.

„ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ერთ მისამართზე ორი ადამიანი მიწერია. ვიფიქრე, შეეშალათ მეთქი და გამგეობაში დავრეკე, მაგრამ მითხრეს, რომ შეცდომა არ იყო. მივედი ბინაზე, დავაკაკუნე და კარი დაახლოებით, 75 წლის ქალბატონმა გამიღო. მახსოვს, ქალბატონი ნათელა ერქვა. ვკითხე, აქ კიდევ ერთი ქალბატონი ნათელა წერია, ერთი და იგივე მისამართია და შეცდომა ხომ არ არის თქო. მითხრა, არა, ის აქ არის, ჩემი დაქალიაო და ვხედავ, დერეფნიდან დამხმარე საშუალებით მოდის 92 წლის ქალბატონი. მოკლედ, ამ ქალბატონმა ნათელამ, რომელიც თვითონაც მარტოხელა იყო და მზრუნველობას საჭიროებდა, შეიფარა მეგობარი, რომ მისთვის მოევლო. იმიტომ, რომ ის გაცილებით ასაკოვანი იყო. ჩემთვის ეს ადამიანობის პიკი იყო. მადლობას რომ გვიხდიდნენ, სულ ვამბობდი, ჩვენ რას ვაკეთებთ, 30-კილოგრამიანი ყუთი მოგვაქვს და მისამართზე ვტოვებთ, ამ ქალბატონმა კი რამხელა რაღაც გააკეთა თქო“, – განაცხადა გურგენიძემ.

ლაშა გურგენიძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა ადამიანების დახმარებას გადაწყვეტ, უდიდესი ძალა გეძლევა.

მსახიობმა სტუდიაში სტუმრად მყოფ ექიმს, ლევან რატიანს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მედპერსონალს წარმოუდგენელი შრომა უწევს.

„მადლობა, ბატონო ლევან, ამ თავგანწირვისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ, თქვენ გვერდით ჯდომა. ამ ადამიანებს ალბათ, ზემოდან ეძლევათ ძალა, თორემ სხვა შემთხვევაში, ეს წარმოუდგენელია. ამდენი ღამის თევას და 24 საათის განმავლობაში ამდენ ადამიანზე ზრუნვას ალბათ, წარმოუდგენელი ენერგია და ადამიანობა სჭირდება“, – განაცხადა ლაშა გურგენიძემ.