ლაშა ფარულავა - ზურა გირჩი ჯაფარიძის გარეთ ყოფნა მნიშვნელოვანია, გაჩნდა ახალი ძალა, მას აქვს სურვილი, მოქმედებით კიდევ ერთხელ გაგვაერთიანოს
პოლიტიკური ლიდერები გვჭირდება გარეთ, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ივანიშვილის რეჟიმის არა მხოლოდ შევიწროება, არამედ ძალაუფლებისგან ჩამოცილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანობა არის ორი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ – თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლება.
„საზოგადოება ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში – თავისუფალი არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლება. ეს ორი საკითხი არის ერთიანობის საგანი და ამას არასდროს საფრთხე არ შეჰქმნია. აქაა საუბარი იმაზე, რომ რეალური მოქმედებაა საჭირო. პოლიტიკური ლიდერები გვჭირდება გარეთ, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ივანიშვილის რეჟიმის არა მხოლოდ შევიწროება, არამედ ძალაუფლებისგან ჩამოცილება.
ერთი წელია, აქციები მიმდინარეობს, ჩვენ ამ აქციებში აქტიურად ვმონაწილეობთ. ცხადია, ყველა მოქმედებაში, რომელიც იქნება ეფექტიანი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის, ვიქნებით ზუსტად იქ და წინა ხაზზე. ვიქნებით იქ, სადაც იქნება წინააღმდეგობა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
რეალური შედეგი დაიდება მაშინ, როდესაც საზოგადოების ორ მოთხოვნას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები და ამას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები გარეთ. ზურა გირჩი ჯაფარიძის გარეთ ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი ძალა იმ თვალსაზრისით, რომ ზურას აქვს სურვილი, კიდევ ერთხელ გაგვაერთიანოს მოქმედებით, თორემ ორ მთავარ მოთხოვნაში ისედაც გაერთიანებული ვართ. აქ საუბარია, ისეთ მოქმედებაზე, რომ ჩვენი საბოლოო ბრძოლა ეფექტიანი იყოს.