ლაშა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის განცხადება „გაფარჩაკებული“ პოლიტიკური პოზიციის გადასაფარად არის გაკეთებული
შალვა პაპუაშვილის განცხადება „გაფარჩაკებული“ პოლიტიკური პოზიციის გადასაფარად არის გაკეთებული, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი სარჩელით აღმოჩნდა ტყვეობაში.
„დემოკრატიულმა ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ „გააფარჩაკა“ იმ სასამართლო პროცესებზე, რომელიც უნდოდათ, მათ სასიკეთოდ გამოეყენებინათ. „ქართულ ოცნებას“ ეს სარჩელი „წაგლეჯვაში შეეტენა“. ქართული საზოგადოება, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები კარგად ხედავენ, ვინ არის ისტორიის სწორ მხარეს და ვინ წერს ამ ისტორიის სამარცხვინო ფურცელს. ეს არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და ამას ყველა ნათლად ხედავს. შალვა პაპუაშვილის განცხადება „გაფარჩაკებული“ პოლიტიკური პოზიციის გადასაფარად არის გაკეთებული“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს. პაპუაშვილის თქმით, 2022 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ნაცვლად „უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო“, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“, მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“.