ლაშა ფარულავა - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში „ოცნებისთვის“ არის დამოკლეს მახვილი, „ოჯახური ღირებულებების“ ნაწილი საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია და ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია
ლაშა ფარულავა - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში „ოცნებისთვის“ არის დამოკლეს მახვილი, „ოჯახური ღირებულებების“ ნაწილი საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია და ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია

„ოჯახური ღირებულებების“ ნაწილი ჩვენთვის საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია და ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში  „ოცნებისთვის“ არის დამოკლეს მახვილი.

„საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებამ ან ეროვნულ დონეზე შეასრულოს რეკომენდაციები და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს, ან გაჯიუტდეს და მიიღებს საერთაშორისო გამოძიებას. საუბარი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე არ არის, საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზეც, რომელიც შესაძლოა, ჰააგამდეც კი მივიდეს, რაც, ცხადია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილი და მისი გუნდია. ამ გუნდის ჩამოცილების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. „ქართული ოცნების“ გუნდში თუ ვინმეს კიდევ შერჩა გონიერება, საჭიროა ოპონენტების გათავისუფლება და კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყება – ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ფაქტებზე, რომელთა შესახებაც დღემდე არათუ გამოძიების რეალური შედეგები არ გვინახავს, არამედ არავინ არის დაკითხული.

რაც შეეხება კანონებს, „ოჯახური ღირებულებების“ ნაწილი ჩვენთვის საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია და ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები უმთავრესია. თუმცა, საერთო ჯამში, ეს დასკვნა ასახავს იმ პრობლემებსა და იმ ძირითად მიზეზებს პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.