ლაშა ფარულავა – ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს

13:34, 31.08.2026

ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ბანდიტური დანაყოფი. ახლა ვხედავთ მაჭავარიანის გააქტიურებას, ვინაიდან დაკარგა თავისი პოლიტიკური მამა და პროტექციონისტი – მამუკა მდინარაძე აღარ არის პოლიტიკაში. მას გაუჭირდება „ქართულ ოცნებაში“ ფეხის მოკიდება და, შესაბამისად, ახლა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ლევან მაჭავარიანის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

ფარულავას თქმით, კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც რეპრესიისა და ტერორის ქვეშაა.

„მაჭავარიანები, ეს კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც არის რეპრესიისა და ტერორის ქვეშ და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას. ბრძოლა არა მხოლოდ ბოლომდე გაგრძელდება, არამედ დასრულდება გამარჯვებით და ამას იხილავს ქართველი ხალხი. ვინმეს თუ ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესია და ტერორი მოუწყო. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში; სასამართლოში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და უკვე ეს ავთენტური მტკიცებულება შექმნა ღარიბაშვილმა. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს, ამ საფრთხის არიდებას ცდილობს ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გატარების გამო დღესაც არის აშშ-ის მხრიდან სანქცირებული. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სანქციები აქვთ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, ისინი არ არიან საქართველოს მთავრობის წევრები, ისინი არიან „ოცნების“ და ივანიშვილის მთავრობის წევრები. ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლის ფასს, მათ შორის, პატიმრობით იხდის პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ლიდერი ირაკლი ნადირაძე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ვიქნებით არა მხოლოდ ბოლომდე, არამედ გამარჯვებამდე. რაც არ უნდა რეპრესია, ტერორი მოგვიწყოს რუსულმა ოცნებამ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ, საქართველო არ და ვერ გარუსდება“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები. უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“.

მსგავსი