ლაშა ფარულავა – ვმუშაობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ

13:41, 17.09.2026

მძიმე რეალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ქართველი ხალხის მობილიზება, რათა კორუფცია, კრიმინალი, ძალადობა და მკვლელობები ამ ქვეყანაში დავასრულოთ. არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ხაბეიშვილი საუბრობს აქტიური პროტესტის აუცილებლობასა და ამ კუთხით გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე.

„ლევან ხაბეიშვილის მიმართვა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. სინამდვილეში, ეს მიმართვაა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სჯეროდა, რომ ამ მასშტაბების კორუფცია იყო, რომ ძარცვავდნენ საბავშვო ბაღებს, ძარცვავდნენ ჯარს, ძარცვავდნენ სოცდაუცველებს. ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი და სხვები ამას არათუ არ იჯერებდნენ, არამედ აყოლილი იყვნენ არასწორ ნარატივს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ქართველი ხალხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიცვათ წესრიგი, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს იმისთვის, რომ ყოველდღიური დღის წესრიგი შექმნას ივანიშვილის კრიმინალური კორუფციული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხოთ ეს რეჟიმი. რეპრესიისა და ტერორის მიუხედავად, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, მათ შორის ფინანსების გარეშე, რადგან ეს ჩვენი, ჩვენი ხალხის ბრძოლაა. ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური ტყვე. ის აკეთებს განცხადებებს იმ გადმოსახედიდან, რაც რეალური და სინამდვილეა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ ამ კრიტიკას, არამედ ვემზადებით იმისთვის, რომ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გუშინ გამოაქვეყნა. ლევან ხაბეიშვილი უმოქმედობას აკრიტიკებს და „შიშის დაძლევისა და გამბედავი ნაბიჯების“ საჭიროებაზე საუბრობს. „აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ, შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ, მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, შემოდგომა დადგება, ასე და ისე ვიზამთო, დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით“, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი