ლაშა ძებისაშვილი - ტრანსატლანტიკური ბზარიც კი არის გაჩენილი, უკრაინამ სულ რომ მოინდომოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დათანხმდეს რუსეთის წინადადებებს, ეს არ შედის ევროკავშირის ინტერესში
ტრამპს აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია, ის აბსოლუტურად მოშორებულია ღირებულებებისგან და მორალისგან, უხეში გაგებით, რეალისტურ, რეალპოლიტიკას მიჰყვება, – განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, ლაშა ძებისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„განცხადებების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, ტრანსატლანტიკური ბზარიც კი არის გაჩენილი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის და საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, იმდენად დაშორებულია პოზიციები ერთმანეთისგან, სულ რომ მოინდომოს უკრაინამ საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დათანხმდეს ამ შემთხვევაში რუსეთის წინადადებებს, რაც არის ნეიტრალური სტატუსი, ნატო-ში არგაწევრიანება, ჯარის გაუქმება და პრორუსული, პროკრემლისტური ხელისუფლების დაყენება კიევში, ეს არ შედის ევროკავშირის ინტერესში. იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი სახის შეთანხმება, რომელიც უკრაინას დე ფაქტოდ აუქმებს პოლიტიკურ რუკაზე, ნიშნავს, რომ შემდეგ ევროკავშირის ჯერი დადგება. ამიტომ ევროპისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. შესაბამისად, ისეთი შეთანხმება, რომელიც უკრაინის ინტერესებს და ევროკავშირის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ჩემი გადმოსახედიდან, შეუძლებელია“, – განაცხადა ძებისაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის კომპრომისებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები, რადგან შეთანხმება გარკვეულ კომპრომისებს გულისხმობს, ლაშა ძებისაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, შეთანხმება კომპრომისების გარეშე არ არსებობს, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, ეს წითელი ხაზები ყველა მხარეს აქვს მოზომილი, ამ შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა წითელი ხაზები აქვს უკრაინას და რამდენად უმაგრებს მხარს ევროპული ქვეყნები ამ წითელი ხაზების დაცვაში.
„ჩემთვის საინტერესო იქნება სწორედ ეს პროცესი. ერთი, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები; მეორე, ის არ გააუქმებს შეიარაღებულ ძალებს; მესამე, მას აქვს პროევროპული პერსპექტივა; და მეოთხე, კიევში რჩება პროევროპული და არა პრორუსული მთავრობა. თუ ამაში მას ძლიერი მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ კომპრომისებს სწორედ ამერიკული და რუსული მხარისგან, თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, ამის კონტურებს რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუნდაც ლავროვის განცხადება რომ ავიღოთ ან ნებენზიას განცხადებას რომ მივაქციოთ ყურადღება გაერო-ს ფორმატში, მივხვდებით, რომ მხარეები ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან“, – განაცხადა ძებისაშვილმა.
ძებისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არც ის იყო მისაღები, როდესაც მოლაპარაკების ადგილად მაინცდამაინც საუდის არაბეთი იქნა არჩეული, რადგან როცა ერთი დემოკრატიული სახელმწიფო ხვდება მეორე, ტოტალიტარული სახელმწიფოს ლიდერს, ადგილი, როგორც მინიმუმ, არ უნდა იყოს მეორე ტოტალიტარული სახელმწიფო, რაც ასევე სიგნალია ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან.
მისივე თქმით, ვესტფალიის სისტემა არის სრული კრახი და ცოტა ხნის წინ ვენსიც აღიარებდა, რომ, სამწუხაროდ, ვესტფალიის სისტემა დაინერგა.
„ვესტფალიის სისტემა არის ძალის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში. ანუ, ახლა, რეალურად, ნებისმიერი ძლიერი ქვეყანა, თუ ამ სისტემაში აღმოვჩნდებით, საერთოდ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, ანუ სამართლისა და მშვიდობის ნორმებს საერთაშორისო ურთიერთობებში და მაშინ ძალა აღმართს ხნავს, ეს კი პირდაპირი კატასტროფაა როგორც ევროპისთვის, ისე მცირე ქვეყნებისთვის, ჩვენთვის. ამიტომ ეს სტრატეგიული არაკომპეტენტურობა და, ხშირ შემთხვევაში, სიბრიყვე, ჩემი გადმოსახედიდან, გამოიხატება ამერიკის ადმინისტრაციის არაკოორდინირებულ, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებში. იმიტომ, რომ ერთი რაღაცას ამბობს და მერე დეზავიურებას აკეთებს მეორე ადამიანი. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რომ, ერთი მხრივ, ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გვესაქმება ევროპაში, დასავლეთ ჰემისფეროში უნდა ვიყოთ, ეს არის ჩვენი საქმეო და, ამავე დროს, ბრიქს-ის სახელმწიფოებს უკრძალავენ დოლარის არგამოყენებას. ამბობენ, ვინც არ გამოიყენებს დოლარს, ეგრევე მიიღებს ტარიფებსა და სანქციებსო. დოლარი არის სწორედ ის აღიარება საერთაშრისო ჰეგემონობის და თუ გინდა დოლარი, როგორც საგადასახადო ერთეული იყოს მსოფლიოში გამოყენებული, მაშინ კეთილი უნდა ინებო და გაითვალისწინო მეორე მხარის ინტერესები. ეს არის ჰეგემონიის ფასი, რაც ამერიკას 1945 წლიდან მოყოლებული კარგად ჰქონდა გააზრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან ნელ-ნელა იწყებს ამის დავიწყებას“, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.