ლაშა ძებისაშვილი - საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციური ფლანგის მიერ მიღებული ხმები არ არის მათი ორგანული, ხალხმა თქვა, არ გვინდა „ქართული ოცნება“ და ვაძლევთ ხმას იმას, რაც არის
ლაშა ძებისაშვილი - საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციური ფლანგის მიერ მიღებული ხმები არ არის მათი ორგანული, ხალხმა თქვა, არ გვინდა „ქართული ოცნება“ და ვაძლევთ ხმას იმას, რაც არის

ელენე ხოშტარიამ რომ შიმშილი შეწყვიტა, ძალიან კარგია, რეალურად არავინ ითხოვს თავგანწირვას, – ამის შესახებ ასოცირებულმა პროფესორმა, ლაშა ძებისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გაიგო ახალი, რადგან ისედაც ვიცოდით, რომ რვა ოპოზიციური პარტია არ იღებდა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და პირველად ხდება, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ულტიმატუმს უყენებს არა ხელისუფლებას, არამედ თავად ოპოზიციას, ძებისაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ამაში არაფერი არ არის, რაც შეეხება ულტიმატუმს, შეიძლება, ამას ირონიით შევხედოთ, მაგრამ, პრინციპულად, სიტუაცია ამ შემთხვევაში რადიკალურად არ განსხვავდება იმისგან, რა იყო პირობითად ორი თვის წინ.

„როგორც ვერ იყო შეთანხმებული ორი წლის წინ ოპოზიციური ფლანგი, ახლაც ვერ არიან შეთანხმებული, მიუხედავად იმ დიდი საზოგადოებრივი დაკვეთისა, რომელიც მათგან ითხოვს კონკრეტულ, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ხედვას, გეგმას და მოქმედებას ამ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების, გაძლიერებული ავტორიტარული მმართველობის წინაშე. ეს არის სრულიად მათი პრობლემა, რომ, ერთი მხრივ, მათ ობიექტურად არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში, არა იმიტომ, რომ საზოგადოება ოპოზიციურ ფლანგს არ ემხრობა, უბრალოდ, თვითონ პოლიტიკური პარტიები ვერ კრებენ იმ ხმებს, რაც მათ სჭირდებათ, ვერ ახერხებენ ამ თავიანთი მხარდამჭერების მასობრივად ქუჩებში გამოყვანას. საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ, რეალურად, ოპოზიციური ფლანგი ეს არის და ის ხმები, რაც მათ მიიღეს, არის ის საპროტესტო ხმები, რომელიც მათი ორიგინალური ხმები არ არის. რეალურად, ხალხმა თქვა, რომ არ გვინდა „ქართული ოცნება“ და ამიტომ ვაძლევთ ხმას იმას, რაც არის. ანუ, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ ეს ვითარება, რეალურად, ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო მეტ ამოცანას უსახავს“, – განაცხადა ძებისაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას ფიქრობს, როდესაც საუბარია იმაზე, მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, მაგალითად, „ლელოს“ არგუმენტი არჩევნებში მათი სავარაუდო მონაწილეობის არის ის, რომ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც საზოგადოების უმრავლესობა მოითხოვს ოპოზიციური პარტიების მხრიდან 4 ოქტომბრის კენჭისყრაში მონაწილეობას და პოლიტიკური აქტივობის ამ მიმართულებით გაგრძელებას, რაზეც ლაშა ძებისაშვილმა განაცხადა, რომ ორი ფუნდამენტური პრობლემაა „ლელოს“ და გახარიას  განცხადებებთან დაკავშირებით.

„იმის გათვალისწინებით, ახლა, ზოგადად, საზოგადოებაში რა მოსაზრებაც არსებობს, არის ის, რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არ იყო ნამდვილი არჩევნები, იყო გაყალბებული არჩევნები. შენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციური პარტია თუ აღიარებ, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება შენი გადაწყვეტილება, შეხვიდე თამაშში. ანუ, ფუნდამენტურად საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე აზრს მოკლებულია შენი ეს განცხადება. ეს ერთი; მეორე, შემდგომი ფუნდამენტური შეცდომა არის, რომ საარჩევნო სისტემის ყოველგვარი ცვლილების გარეშე რომც შეხვიდე თამაშში, „ქართული ოცნება“ ძალიან ძლიერი ფრთაა, ძალიან ძლიერი ძალაა, მით უმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმზე. კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამარცხება ასე, რომ სხვა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის ამ ბრძოლაში გაერთიანებული და ერთიანი ფლანგით არ ხდება მათი შესვლა ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, არის განწირული თამაში; ეს არის განწირული ბრძოლა, რომელიც გარანტირებულად წაგებულია და ხელს უწყობს ლეგიტიმიზაციის პროცესს“, – განაცხადა ძებისაშვილმა.

შეკითხვაზე, რა თვალსაზრისით იძლევა საარჩევნო სისტემის ცვლილება იმის გარანტიას, რომ ოპოზიციური სპექტი გაიმარჯვებს არჩევნებში, ძებისაშვილმა განაცხადა, რომ გარანტია არაფრის არ არის.

„პრინციპული საკითხი ის კი არ არის, ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, პრინციპული საკითხი არის, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა და გარემო იყოს, რომ, რეალურად, არცერთ მხარეს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდეს, არჩევნები გაყალბდა თუ არა. ეს არის მთავარი პრინციპი, თორემ ახლაც რომ ჩაატაროთ არჩევნები, დამერწმუნეთ, გამარჯვებული ყველაზე ძლიერი პარტია იქნება „ქართული ოცნება““, – განაცხადა ძებისაშვილმა.