ლაშა ძებისაშვილი - არჩევნების შემდეგ მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობლივად იმოქმედებდნენ, ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა, ანუ ერთგვარი პოლიტიკური მოუმწიფებლობა დადასტურდა
ლაშა ძებისაშვილი - არჩევნების შემდეგ მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობლივად იმოქმედებდნენ, ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა, ანუ ერთგვარი პოლიტიკური მოუმწიფებლობა დადასტურდა

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და, მით უფრო, ოპოზიციას საერთოდ არ ახასიათებს თანამშრომლობის ან თუნდაც კოორდინაციის მაღალი ხარისხი, – ამის შესახებ ასოცირებულმა პროფესორმა, ლაშა ძებისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არჩევნების ჩატარების შემდეგ, როცა ოპოზიციურ ფლანგზე მოლოდინი იყო, რომ რაღაცნაირად, ერთობლივად იმოქმედებდნენ ოპოზიციური პარტიები და თან, დანაპირებიც ასეთი იყო არჩევნებამდე, თუ ხმების მანიპულაციები, ე.წ. ხმების მოპარვა მოხდებოდა, ოპოზიციური პარტიები დაიცავდნენ ამ ხმებს, რეალურად კი სულ სხვანაირად აღმოჩნდა. როგორც ეს დანაპირები, ასევე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტიაც“ აბსოლუტურად ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა და ის, რაც ტიპურად ახასიათებდა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, ანუ ერთგვარი პოლიტიკური მოუმწიფებლობა, დადასტურდა არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ძებისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რითი არის ეს განპირობებული, ლაშა ძებისაშვილმა განაცხადა, რომ, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული უდიდესი განწყობისა და პოლიტიკური პროცესების, ავტორიტარიზმისკენ სვლის მიუღებლობისა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, საზოგადოების ამ განწყობას, რეალურად, პოლიტიკური განსახიერება ნაკლებად აქვს, რადგან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ სარგებლობენ მაღალი ნდობის ხარისხით და, შესაბამისად, არსებობს დიდი გახლეჩვა საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას, პოლიტიკურ პარტიებს შორის.

„ეს, თავის მხრივ, იწვევს ძალიან დიდ კონკურენციას საკუთრივ ოპოზიციურ პარტიებში. უკვე ვახსენე ერთგვარი პოლიტიკური მოუმწიფებლობა, არ ვიცი, ეგოიზმის მაღალი ხარისხი თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით და სხვა ფაქტორებიც შეიძლება, აქ მოვიყვანოთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი – თვეების განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ ოპოზიციამ დაამტკიცა ის, რომ მათ, პრაქტიკულად, ვერაფერი ღირსშესანიშნავი ვერ გააკეთეს ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედების კოორდინაციის თვალსაზრისით, მიუხედავად საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთისა, რომ მათი ეს ინტერესები იქნეს წარმოდგენილი ერთიანი ოპოზიციური ფლანგით“, – განაცხადა ძებისაშვილმა.