ლაშა დვალი – მხოლოდ ერთსულოვნებით შევძლებთ ამ ვითარების გამოსწორებას #1TVSPORT
ბელფასტში, ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად მედიის კითხვებს ეროვნული გუნდის მცველმა, ლაშა დვალმა უპასუხა.
„თერთმეტ დღეში ოთხი თამაში, გასაგებია, რომ ადვილი ჩასატარებელი არ არის, თუმცა თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობთ. ჩვენი სამედიცინო შტაბი გვეხმარება, რომ ფიზიკურად მზად ვიყოთ თამაშისთვის.
რთული პერიოდი ყველა გუნდს უდგას. თუმცა ამას ერთსულოვნებით, პოზიტივითა და მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ვუმკლავდებით. უნდა გავიდეთ და ვაჩვენოთ ის, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს, მაქსიმალურად შევასრულოთ დავალებები, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების გამოსწორებას“.
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველოს შეხვედრა 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.