ლაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უკავშირებს, რომ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ტექნიკურ შეცდომას უკავშირებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს.
ამის გამო, ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ.
„ეს იყო ტექნიკური საკითხი, მაგრამ როგორც ნახეთ, პრესსპიკერმა მერე წაიკითხა გვარები. არ მინახავს მამის პროტესტი, მაგრამ ეს იყო ტექნიკური და სიაში ნამდვილად იყო ჩაწერილი თამრიკო ჭოველიძე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ლაშა ჟვანია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა.
„შეიძლება, ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.