ლაშა ჟვანია - ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესია და გარკვეულ ფორმატებთან დაკავშირებით შეიძლება, ახალი ინიციატივა გახდეს ცნობილი
ლაშა ჟვანია - ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესია და გარკვეულ ფორმატებთან დაკავშირებით შეიძლება, ახალი ინიციატივა გახდეს ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტის მოლოდინებს, ბრიუსელში შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია აფასებს.

როგორც ჟვანია ამბობს, პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ნატო-სთან მიმართებაში დაგეგმილი წვრთნების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, მისივე თქმით, არის პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობებში და გარკვეულ ფორმატებთან დაკავშირებით, როგორც ჟვანია ამბობს, შეიძლება ახალი ინიციატივა გახდეს ცნობილი.

„წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში. სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა ევროკავშირსა და ნატო-ში შეხვედრებს. ეს არის პირველი ვიზიტი.

ნატო-სთან მიმართებაში დაგეგმილი წვრთნების ფონზე პრეზიდენტის შეხვედრები უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტადაც არა.

არის პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობებში და გარკვეულ ფორმატებთან დაკავშირებით შეიძლება გაჟღერდეს ახალი ინიციატივა. მეტი ევროკავშირი გვჭირდება დღეს საქართველოში. გვჭირდება მეტი ახსნა საქართველოს მოსახლეობისთვის, რას წარმოადგენს ევროკავშირი. ეს განსაკუთრებით ეხება რეგიონებს. გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისათვის, რა უპირატესობები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებს მათი მომავლისთვის. ასევე სავიზო რეჟიმის უპირატესობებია ცალკე თემა. როგორ უნდა გამოვიყენოთ და როგორ ვიყოთ თან ფრთხილად, რომ ის მიღებული პროგრესი არ შეგვიჩერდეს. ეს აუცილებელია მოსახლეობამ ძალიან კარგად იცოდეს და ასევე მომავალ პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანია ფორმატების გაფართოება და პროცესების დაჩქარება“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან.

საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.