ლაშა ჟვანია - ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი მუშაობას ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს, რემონტის დასრულების შემდეგ კი, საპრეზიდენტოში გადავა
ლაშა ჟვანია - ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი მუშაობას ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს, რემონტის დასრულების შემდეგ კი, საპრეზიდენტოში გადავა

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა განთავსდეს, სარემონტო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ ნაწილში სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, საპრეზიდენტო ფლიგელში დასრულებას კი, გარკვეული დრო დასჭირდება.

ჟვანიას თქმით, არჩეული პრეზიდენტი თავიდან ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს მუშაობას, რემონტის დასრულების შემდეგ კი, საპრეზიდენტო ფლიგელში გადავა.

„ორბელიანის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფლიგელს, შესაძლოა, თვე-თვე ნახევარი დასჭირდეს. ვფიქრობ, აქ დაჩქარება საჭირო არ არის, რემონტი პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელიწადში ხომ არ გაკეთდება. ამის გამო, ალბათ, არჩეული პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდეგ კი, საპრეზიდენტო ფლიგელში გადავა.  ესეც საერთოდ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.