ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა
ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ ჩშიგელთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 11 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ადგილზე ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მორიგ მკაფიო მაგალითს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დაჭრილი და უკანონოდ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემის აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის, როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და მისიის მონიტორებს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

დატოვე კომენტარი