ლაშა დარსალიამ „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მიმდინარე წლის 5 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ერევნის დიალოგის“ ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „სამხრეთ კავკასია გარდამტეხ მომენტში: მშვიდობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოსვლაში ლაშა დარსალიამ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.
„მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამხრეთ კავკასია დღეს ყალიბდება მშვიდობისა და თანამშრომლობის სივრცედ, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სტაბილური განვითარების, ეკონომიკური ზრდისთვის და რეგიონს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით მიმზიდველ ჰაბად აქცევს. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და გაწეულ ძალისხმევას რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.