ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპკორპუსთან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები განიხილა
ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპკორპუსთან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ბრიფინგი გამართა.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ უკანონო პროცესებზე ლაშა დარსალიამ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა; რუსეთსა და საქართველოს შორის ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლაშა დარსალიამ ვრცლად განიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციაზე. ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე და ხაზი გაესვა ამ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. მან ხაზი გაუსვა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე არსებითი შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. მან ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ადგილზე.

შეხვედრაზე განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა. მათ ერთსულოვნად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა. ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.