ლაშა დარსალია - ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპკორპუსთან, რათა მოხდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის გაგრძელება და ინციდენტების განხილვა ამ მექანიზმის ფარგლებში
ლაშა დარსალია - ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპკორპუსთან, რათა მოხდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის გაგრძელება და ინციდენტების განხილვა ამ მექანიზმის ფარგლებში

ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპკორპუსთან, რათა მოხდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის გაგრძელება და ინციდენტების განხილვა ამ მექანიზმის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საგარეო უწყებაში დიპკორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ცალსახად მიუღებელია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. ნებისმიერი დამუქრება ამ მექანიზმის ჩაშლით მიუღებელი ნაბიჯია. იმედი გვაქვს და სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რომ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის გაგრძელება და შესაბამისი ინციდენტების განხილვა ამ მექანიზმის ფარგლებში. დღეს ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა და ხვალ დაგეგმილია ამ შეხვედრის გაგრძელება. იმედი გვაქვს, რომ ხვალ შესაბამისი შეხვედრა გაიმართება. ერთადერთი საკითხი, რომელიც ამჟამად განხილვის დღის წესრიგში დგას, არის სწორედ ადგილზე, ამ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. შესაბამისად, მსჯელობაც მხოლოდ ამ საკითხის გარშემო იქნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე რა ვითარებაა ჩორჩანაში, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ვითარება უცვლელია.

„ამ დროისთვის არის ისეთივე ვითარება, როგორიც იყო დღეს დილით ან გუშინ. რაიმე ცვლილებები ამ მდგომარეობით არ არის. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალ მაინც გაიმართება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემგდომი შეხვედრა. თუმცა, დღევანდელი ჩაშლის შემდგომ შეიძლება, ითქვას, რომ ვითარება მარტივი არ არის და მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება. ამიტომ ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შესაბამის უწყებებთან გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოთ“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებს როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი,

„ჩვენი პოზიციაა სწორედ ის, რომ შემდგომი პროვოკაციები მხოლოდ ძაბავს ვითარებას. სწორედ ამას ემსახურებოდა საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრა, რათა მიგვეწოდებინა არსებულ
პროვოკაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია, რათა ისინიც ჩაერთონ ვითარების შემდგომი დეესკალაციის მცდელობაში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.