ლაშა დარსალია უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრისა და ფონდი ევროპული მომავლისთვის ერთობლივი კურსის გახსნაზე მთავარ მომხსენებლად წარდგა
ლაშა დარსალია უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრისა და ფონდი ევროპული მომავლისთვის ერთობლივი კურსის გახსნაზე მთავარ მომხსენებლად წარდგა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მთავარ მომხსენებლად წარდგა უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრისა (GCSP) და ფონდი ევროპული მომავლისთვის (FEF) ერთობლივი კურსის გახსნაზე, რომელიც კოnფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებს ეძღვნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროპაში გავლენიანი კვლევითი ცენტრის GCSP-ის მიერ საქართველოში პროგრამის დაფუძნების მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. დარსალიამ მონაწილეებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აღნიშნული პროგრამის წვლილზე.

ლაშა დარსალიასთან ერთად პროგრამა გახსნეს საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანზენმა, GCSP-ის დირექტორმა კრისტიან დუსეიმ და FEF-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ თეონა თელიამ.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ევროპაში გავლენიანი კვლევითი ცენტრი GCSP საქართველოში თავის სასწავლო პროგრამას აფუძნებს. პროგრამა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს ეძღვნება და განკუთვნილია ახალგაზრდა ლიდერებისთვის – როგორც პრაქტიკოსებისთვის, ისევე სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეებიდან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.