ლაშა დარსალია - თვის ბოლოს მნიშვნელოვანი სამიტი გველოდება, ინტენსიურად ვმუშაობთ ნატო-სთან სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაზე, რომლებიც აისახება მადრიდის საბოლოო გადაწყვეტილებებში
ლაშა დარსალია - თვის ბოლოს მნიშვნელოვანი სამიტი გველოდება, ინტენსიურად ვმუშაობთ ნატო-სთან სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაზე, რომლებიც აისახება მადრიდის საბოლოო გადაწყვეტილებებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, თვის ბოლოს მადრიდში მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართება და შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ნატო-სთან სხვადასხვა პროექტსა და პროგრამებზე, რომლებიც ასევე აისახება მადრიდის საბოლოო გადაწყვეტილებებში.

„ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გვქონდა კონკრეტული საკითხების განხილვა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას უშუალოდ ალიანსის და წევრი ქვეყნების მხრიდან. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კონრკეტული პროექტები და პროგრამები“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება კითხვას, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა არის ის შედეგი, რაც საქართველოს შეუძლია, წამოიღოს მადრიდის სამიტიდან, – დარსალიას თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს ალიანსისა და წევრი ქვეყნებისგან.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება და ეს პრაქტიკაშიც აისახება კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. გრძელდება მუშაობა ბუქარესტის სამიტის გადადაწყვეტილებაზე, მის იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება.