ლაშა დარსალია - ტვირთების მონიტორინგის საკითხში სხვა თემების შემოტანა ხელშეკრულების ჩაშლისკენ არის მიმართული
ლაშა დარსალია - ტვირთების მონიტორინგის საკითხში სხვა თემების შემოტანა ხელშეკრულების ჩაშლისკენ არის მიმართული

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საბაჟო მონიტორინგის თემის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს.

დარსალიას თქმით, ჟენევაში ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრაში საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ხელშეკრულება დადებულია საქართველოსა და რუსეთს შორის და ის ცალსახად ეხება ტვირთების მონიტორინგს, რომელთა გადაადგილება კონკრეტულ კორიდორებში ხდება. მოგეხსენებათ, არის სამი კორიდორი, მათ შორის ორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ საუბარია მხოლოდ ტვირთების მონიტორინგზე. რამე სხვა საკითხის შემოტანა, ეს იქნება მესამე ქვეყნის ტვირთების გადაზიდვა თუ ამ ხელშეკრულებასთან ოკუპირებული ტერიტორიების დაკავშირება რამე სახით, მხოლოდ პოლიტიზების მცდელობაა და ამ ხელშეკრულების ჩაშლისკენ არის მიმართული“, – აღნიშნავს დარსალია.

ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით რუსულ მედიასაშუალებებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის მაგალითად, საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების შესაძლო ტრანზიტზე.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.