ლაშა დარსალია - თარიღზე ვმუშაობთ, ვიმედოვნებთ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის განახლება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი
ლაშა დარსალია - თარიღზე ვმუშაობთ, ვიმედოვნებთ, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის განახლება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების მორიგი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

მისივე თქმით, იმედი აქვთ, კომისიების მუშაობის განახლება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

„ჯერ კიდევ მარტში იყო დაგეგმილი, შემდეგ ამ ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყოველთვე ხდებოდა ამ შეხვედრის გადადება. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს კომისია. კონკრეტულ თარიღზე ამწუთას ვმუშაობთ, თუ როდის შეიძლება შედგეს შეხვედრა, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი კომისიების მუშაობის განახლება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დატოვე კომენტარი