ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირ-ი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
„მიგვაჩნია, რომ წინასწარი უსაფუძვლო შეფასებები და ვარაუდი, რომლებიც ასახულია განცხადებაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის ანგარიში ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის მხრიდან, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, თავდასხმებისა და სპეკულაციების სამიზნე გახდა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირ-ი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. შიდა საარჩევნო პროცედურების ვადების გათვალისწინებით, პარტიული სიების წარდგენის დასრულებიდან მეორე დღეს, 2025 წლის 5 სექტემბერს ეუთო/ოდირ-ს გაეგზავნა ოფიციალური მოწვევა, რომელიც ადასტურებდა სრულ მზადყოფნას, მისი მანდატის ეფექტურად განხორციელებისთვის შეექმნა ყველა საჭირო პირობა. სამწუხაროდ, მოწვევაზე უარი მივიღეთ. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტაციის, რეგისტრაციის პროცესი ღიაა და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები გადიან რეგისტრაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
2025 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში გასულ კვირაში ეუთო-ს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.
ლაშა დარსალიას კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.